YouTube-ის გათიშვა რუსეთში

რუსეთში YouTube-მა მუშაობა შეწყვიტა

REUTERS/Dado Ruvic

რუსეთში YouTube-ის აპლიკაციამ და ვებ-გვერდმა მუშაობა თითქმის სრულად შეწყვიტა

რუსეთის ინტერნეტ-მონიტორინგის სამსახურებმა დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით პლატფორმის შეფერხების უკვე ათასობით შემთხვევა აღრიცხეს

გამოცემა Reuters-ის ცნობით, რუსი მომხმარებლები ამბობენ, რომ YouTube-ზე წვდომა მათ მხოლოდ VPN (Virtual Private Networks) სერვისებით შეუძლიათ. პლატფორმაზე წვდომა არ აქვთ გამოცემის ჟურნალისტებსაც. 

"YouTube აღარ მუშაობს. გამომწერები ჩივიან, რომ პლატფორმა VPN-ის გარეშე ტელეფონებსა და კომპიუტერებში თითქმის არ იხსნება. ნახვამდის, Mr. Beast!" - წერს ერთ-ერთი რუსული ტელეგრამ-არხი. 

ბოლო კვირების განმავლობაში YouTube რუსეთში შეფერხებით მუშაობდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეფერხებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა რუსულმა სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო გიგანტმა განაცხადა, რომ YouTube "ტექნიკური პრობლემების" გამო შენელდებოდა, რადგან Google-მა ქვეყნიდან ტექნოლოგიური აღჭურვილობის გატანა გადაწყვიტა. მოგვიანებით, რუსეთის ერთ-ერთმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ YouTube-ის ჩამოტვირთვის სიჩქარე 70%-ით შემცირდებოდა. 

ამასთანავე, რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი), რომელიც ქვეყანაში მედიას არეგულირებს, Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის სამთავრობო გამოცემების, ხელისუფლების წევრებისა და სხვა რუსი საჯარო პირის 200 გაუქმებული YouTube-არხის აღდგენა მოსთხოვა.

კომენტარები