თურქეთი ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ ინიცირებულ საქმეს შეუერთდება და ამის შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) განაცხადს 7 აგვისტოს შეიტანს. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ "[თურქეთის] პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განაცხადს მოამზადებს და ოთხშაბათს ჰააგის სასამართლოში წარადგენს, რათა შეუერთდეს გენოციდის საქმეს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგაა დაწყებული".
Anadolu-ს ინფორმაციით, ანკარაში, მთავრობის სხდომაზე ერდოღანმა ასევე თქვა, რომ "რა სისასტიკეც არ უნდა ჩაიდინოს გენოციდის სისხლისმსმელმა ქსელმა, ის თურქეთს და თურქებს ვერ შეაჩერებს, რომ სოლიდარობით პალესტინელების გვერდით დადგნენ".
ცნობისთვის, 2023 წლის 29 დეკემბერს სამხრეთ აფრიკამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ საქმე დააინიცირა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა 2024 წლის 1-ელ მაისს განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ ინიცირებულ საქმეს შეუერთდებოდა.





