ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გერმანიის მოქალაქის, 30 წლის რიკო კრიგერის შეწყალება გადაწყვიტა, რომელსაც ბელარუსის სასამართლომ ივნისში სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურთან აფილირებული ტელეგრამ-არხი ავრცელებს.
25 ივნისს ბელარუსის სახელმწიფო მედიაში გავრცელდა ინტერვიუ, რომელშიც კრიგერი უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობას აღიარებს. მან თარჯიმნის მეშვეობით ისაუბრა, შესაბამისად, გაუგებარია, აღიარება იძულებით მოხდა თუ არა. რეპორტაჟის ბოლოს ჩანს, თუ როგორ ტირის კრიგერი და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეწყალებას სთხოვს.
30 ივლისს, შეწყალების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ბელარუსულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვითაც ლუკაშენკომ კრიგერის შეწყალების მოთხოვნის განსახილველად "პროცესში ჩართული ადამიანები მიიწვია".
რიკო კრიგერი ბელარუსში 2023 წლის ნოემბერში დააკავეს.
გერმანიის წითელი ჯვრის თანამშრომლის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის ექვსი მუხლით იყო აღძრული, მათ შორის დაქირავებულ მებრძოლად მუშაობა, ჯაშუშობა, ტერორიზმი და ექსტრემისტული ჯგუფის ჩამოყალიბება. კრიგერს ბრალად ბელარუსის ტერიტორიაზე აფეთქებების ორგანიზებაც ედებოდა.
20 ივლისს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანატოლი გლაზმა თქვა, რომ მინსკის სასამართლოს მიერ კრიგერისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენის შესახებ ბელარუსსა და გერმანიას შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა.





