რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ცეცხლის შეწყვეტას ვემხრობით, თუ დონბასიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან გავლენ – პუტინი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი; კრემლი; 5 ივლისი 2024
Sputnik/Valeriy Sharifulin/Pool via REUTERS

უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მათი შეხვედრა შეაჯამა.

პუტინი რუსეთ-უკრაინის ომსა და ორბანის წარდგენილ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მოთხოვნების სია წარადგინა, რომელიც კვლავ ძალაშია. ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ უკრაინამ დონბასის რეგიონიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანოს.

"თავისთავად, აქტუალური საერთაშორისო საკითხების შესახებ, მათ შორის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, საკმაოდ ყოვლისმომცველი, პირდაპირი და გულწრფელი გაცვლა შედგა. ასევე ვისაუბრეთ მისი რეგულირების შესაძლო გზებზე.

ბატონმა პრემიერმინისტრმა კიევში მისი ბოლოდროინდელი შეხვედრის შესახებ მოყვა და წარმოადგინა რიგი შეთავაზებები, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების პირობები შეიქმნას.

რაც შეეხება რუსეთს, არაერთხელ მითქვამს, რომ ყოველთვის ვიყავით და ვართ ღია პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების განხილვისადმი. [...]

რუსეთის მხარს უჭერს სრულ და საბოლოო ცეცხლის შეწყვეტას. ამის პირობები, როგორც უკვე ვახსენე, წარმოდგენილია ჩემს გამოსვლაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საუბარია უკრაინული ჯარის სრულ გაყვანაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან.

არის სხვა მოთხოვნებიც, მაგრამ ეს შესაძლო ერთობლივი მუშაობის პროცესში საკმაოდ დეტალური გადახედვის საგანს წარმოადგენს". - თქვა პუტინმა.

პუტინმა ყურადღება ასევე უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის არეებზე გაამახვილა.

"აღვნიშნავ, რომ რუსეთი და უნგრეთი რიგ მიმართულებებში, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკის სფეროში, თანამშრომლობას განაგრძობენ. ჯანსაღი პრაგმატიზმი და ორმხრივი სარგებელი აკვანძო პრინციპს წარმოადგენს. [...]

გრძელდება მუშაობა საერთო ფლაგმანურ პროექტზე, პაკშის ატომური ელექტროსადგურის გაფართოებაზე. [...]

განვაგრძობთ თანამშრომლობითი ურთიერთობის მხარდაჭერას მედიცინისა და ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის სფეროებში". - თქვა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორბანთან ასევე ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე იმსჯელეს, ხოლო ორბანის ვიზიტს მოსკოვში "დიალოგის აღდგენის მცდელობად" აფასებენ.

"იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი 1 ივლისიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, ბატონ ორბანთან განვიხილეთ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, რომელიც ახლა ყველაზე ცუდ წერტილასაა.

ვისაუბრეთ ასევე შესაძლო მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო პრინციპების შესახებ. [...]

გარდა ამისა, ბატონ პრემიერმინისტრს მადლობას ვუხდით მოსკოვში ვიზიტისთვის და ამას დიალოგის აღდგენისა და მისთვის დამატებითი მუხტის მიცემის მცდელობად აღვიქვამთ". - თქვა პუტინმა.

უნგრეთის პრემიერმინისტრი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად დღეს ჩავიდა.აქამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე გამოეხმაურა.

"ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობა ევროკავშირის სახელით რუსეთთან ურთიერთობის მანდატს არ მოიცავს. ევროპული საბჭოს პოზიცია ნათელია: რუსეთი აგრესორია, უკრაინა კი მსხვერპლი. უკრაინაზე დისკუსია უკრაინის ჩართულობის გარეშე დაუშვებელია".  - წერს მიშელი X-ზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს,  RFE/RL-ს უთხრა, რომ ორბანს ვიზიტთან დაკავშირებით არავინ გაუფრთხილებია. მისივე თქმით, გაფრთხილების შემთხვევაში შარლ მიშელი ამ ვიზიტის მკაცრად წინააღმდეგი იქნებოდა.

მანამდე, 14 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე თანახმა იქნება, თუ ის დონბასის რეგიონიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და პირობას დადებს, რომ NATO-ში არ გაწევრიანდება. 

კომენტარები