საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2024

საფრანგეთის არჩევნების I რაუნდში ლე პენის პარტია ლიდერობს, II რაუნდი 7 ივლისს ტარდება

Reuters

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტია, ხოლო მოქმედი მთავრობის და ემანუელ მაკრონის გაერთიანება - ერთად რესპუბლიკისთვის მესამე ადგილს იკავებს

მარინ ლე პენის პარტიამ დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ლე პენმა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მარინ ლე პენმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნიდან მალევე თქვა, რომ ეროვნული ერთობის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერმინისტრი ჟორდან ბარდელა გახდება. მარინ ლე პენმა მის მხარდამჭერებს მოუწოდა 7 ივლისს მივიდნენ არჩევნებზე, რათა ეროვნულმა ერთობამ საფრანგეთის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს. აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობისთვის 289 ადგილის მოპოვებაა საჭირო.

"ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა, რათა ემანუელ მაკრონმა არჩევენბიდან 8 დღის ვადაში ჟორდან ბარდელა პრემიერმინისტრად დანიშნოს და ქვეყანას მემარცხენეების ხელში ჩავარდა ავარიდოთ" - თქვა მარინ ლე პენმა. 

არჩევნების პირველი რაუნდის შედეგების გამოქვეყნებისთანავე ემანუელ მაკრონმა AFP-ს პირდაპირ ეთერში ამომრჩევლებს მოუწოდა, დაბლოკონ ეროვნული ფროტნტი მეორე რაუნდში. 

"მეორე რაუნდისთვის ეროვნული ერთობის წინააღმდეგ მასშტაბური, ცხადად დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთობის დროა" - თქვა ემანუელ მაკრონმა.

მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტი-ს ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა ზოგიერთ ოლქში მესამე ადგილით გასულ მემარცხენე კანდიდატებს მოუწოდა კანდიდატურა მოხსნან ლე პენის ეროვნული ერთობის წინააღმდეგ. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეები ხმას ოლქებში ორ რაუნდად აძლევენ. მეორე რაუნდში გადადის ორი მოწინავე კანდიდატი და კიდევ ის კანდიდატები, რომლებიც 12,5%-იან ბარიერს გადალახავენ. ეროვნულ ასამბლეაში ადგილს მათ შორის მეორე რაუნდში გამარჯვებული იკავებს. სხვადასხვა ოლქებში მელანშონმა მესამე ან მეოთხე ადგილას გასულ მემარცხენე კანდიდატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ეროვნული ერთობის ოპონენტი კანდიდატებისთვის.

მემარჯვენე ფლანგის პარტია რესპუბლიკელებმა, რომლებმაც 20 ოლქში მოიპოვეს ხმების უმრავლესობა, თქვეს, რომ მეორე რაუნდში საკუთარ ამომრჩევლებისთვის არანაირი მოწოდება არ ექნებათ. 

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კონსერვატიულმა პარტიებმა ევროპარლამენტის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა. საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდი 7 ივნისს გაიმართება. 

კომენტარები