რუსეთი-აშშ

რუსეთი აშშ-ს სევასტოპოლზე თავდასხმაში ადანაშაულებს და "შედეგებით" ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
Sergei Bobylev/TASS

მოსკოვი აშშ-ს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ამერიკული რაკეტებით დაბომბვაში ადანაშაულებს და შესაძლო "შედეგების" შესახებ აფრთხილებს. 

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti ავრცელებს. პესკოვის თქმით, "დრო გვაჩვენებს", თუ რა შედეგები მოჰყვება მოსკოვის მხრიდან უკრაინის არმიის მიერ ამერიკული ATACMS რაკეტების გამოყენებას. 

"რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საომარ მოქმედებებში პირდაპირ ჩართულობას, რომელმაც რუსი მოქალაქეების სიკვდილი გამოიწვია, შეუძლებელია არ მოჰყვეს შედეგები. ზუსტად რა შედეგები - ამას დრო გვიჩვენებს". - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე ხასიათის განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც რუსეთი პასუხისმგებლობას, უკრაინასთან ერთად, აშშ-ს აკისრებს სევასტოპოლში განვითარებული მოვლენების გამო. 

"23 ივნისს კიევის რეჟიმმა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების მხარდაჭერით, ჩაიდინა კიდევ ერთი საზარელი ტერორისტული დანაშაული რუსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. აშშ-ს მონაწილეობა ამ საზარელ დანაშაულში ეჭვგარეშეა; დანაშაულს პასუხი აუცილებლად მოჰყვება". - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ს ელჩი მოსკოვში, ლინ ტრეისი. რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტის ინფორმაციით, სევასტოპოლზე იერიშის გამო ელჩს დემარში გადასცეს.

23 ივნისს უკრაინამ ATACMS სისტემის რაკეტებით ოკუპირებული სევასტოპოლის სანაპიროზე იერიში მიიტანა. რუსული მედიების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. დაშავებულია 152 ადამიანი.

კომენტარები