საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

სანიოლი: ნაკრების მიზანი გამოცდილების მიღება იყო – ვერ ვიტყვი, რომ EURO-2024-ს მოვიგებთ

ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრები

"საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, გამოცდილება მიგვეღო. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ" - ამის შესახებ  საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

სანიოლის თქმით, ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის ძალებს მოიკრებს და ამბიცია ექნებათ, რომ "რაღაც კარგად გააკეთონ". 

"რა ვუთხარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ ლობჟანიძეს? ვერ წარმოვიდგენ, იმ მომენტში რას გრძნობდა. დარტყმა ყოველთვის უნდა სცადო. შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, რადგან მოგების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დიდი ამბავია. ყველაზე დიდი გრძნობა სიამაყეა. რადგან ვიცით, ეს გზა საიდან დავიწყეთ, რა სირთულეები გამოვიარეთ და სად მოვხვდით.

ჩეხეთი დიდი პრესინგით გვეთამაშა და ამას ველოდი. ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავეს, რაც მამარდაშვილის დამსახურებაა – მან ფანტასტიკურტი მატჩი ჩაატარა.

ჩეხები იმედგაცრუებულები კი არიან, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის იმას ვერ იღებ, რასაც იმსახურებ. ამის მაგალითად თურქეთთან ჩვენი მატჩი გამოდგება, სადაც ქულას მაინც ვიმსახურებდით.

ჩვენ ის გვეხმარება, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, გამოცდილება მიგვეღო. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ.

პორტუგალიასთან ამბიცია გვექნება, რომ რაღაც კარგად გავაკეთოთ. ვეცდებით, ძალები მოვიკრიბოთ და ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედია, ძალებს აღვიდგენთ და კარგად ვითამაშებთ" - თქვა სანიოლმა, პირველი არხის ცნობით. 

საქართველოს ნაკრები შემდეგ, მე-3 მატჩს ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს გელზერკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. 

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. 

16 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩში თურქეთს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. 

 

კომენტარები