პარტია ლელომ ნარკოპოლიტიკის პროგრამის 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რეგულარულ ნარკოტესტირებას და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინების პრევენციის მიზნით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესებას მოიცავს.
"ჩვენ ვიწყებთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას.
წარმოგიდგენთ ლელოს 9-პუნქტიან გეგმას:
- ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა და სასჯელის გამკაცრება;
- მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რეგულარული ნარკოტესტირება;
- ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია;
- რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესება;
- პირველადი პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა;
- დასჯიდან მზრუნველობა/პრევენციაზე გადასვლა;
- სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა;
- ნარკოდამოკიდებული პირებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონალური ცენტრების შექმნა;
- საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში ნარკოლოგიის და ზოგადად ადიქტოლოგიის პროფესიონალური ასოციაციების და ექსპერტების ჩართვა". - თქვა პარტია ლელოს წევრმა, საბა ბუაძემ.
10 აპრილს ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარტიის 3-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით "ქართველი ახალგაზრდების დაცვის" აქტი პირველად წარადგინა.