GWP

კალაძე: GWP-ს დიდი პრობლემები აქვს ქალაქში, ქსელს განახლება სჭირდება, ვთანამშრომლობთ

კახა კალაძე ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, "GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში. ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას". თუმცა, მისი მტკიცებით, მერია კომპანიასთან თანამშრომლობს. 

"ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, ის აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს. ჩვენ სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვთხოვთ აღნიშნულ კომპანიას მათი ქსელის მოწესრიგებას და ახალი პროექტების განხორციელებას. იგივე ხდება ბაგებში, სადაც დაწყებულია სამუშაოები. რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რომ მათი ქსელი ამორტიზებულია, საჭიროებს განახლებას და ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, პირველი მოთხოვნა, რაც გვაქვს არის ქსელის მოწესრიგება, განახლება. კომპანია მოგვყვება, აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს და ამიტომაც, ეს სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. 

გარდა ამისა, მათი მხრიდან ხშირია მოთხოვნები სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს, კიდევ სხვა ლოკაციებზე დამატებითი სამუშაოების ფრონტის გახსნა, ვფიქრობ, პრობლემაა, პირველ რიგში გადაადგილებისა და საცობების შექმნის თვალსაზრისით, ამიტომ, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და ყველა დიდ პროექტში მოგვყვება იმისთვის, რომ ქსელი განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 


16 ივნისს სოფელ წიწამურის მიმდებარედ დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება. ამის გამო, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს წყალი მეორე დღეა, არ მიეწოდება.

"ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა.

მეწყერული მასა ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას, შესაბამისად, რთულდება მუშაობა.

ჯივიპის თანამშრომლები დაზიანების დაფქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, მიუხედავად ურთულესი და სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოებისა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.

 დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.

ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დავიწყეთ გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ეტაპობრივად მოგაწოდებთ ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობასთან და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით" – წერია GWP-ს განცხადებაში.

კომენტარები