ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის ღაზის დივიზიის მეთაური პოზიციას 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო ტოვებს

ბრიგადის გენერალი ავი როზენფელდი

ისრაელის გენერალმა, ავი როზენფელდმა, რომელსაც ღაზის სექტორის შემოგარენი ებარა, საკუთარი პოზიცია ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო დატოვა.

"7 ოქტომბერს მე ვერ შევასრულე ჩემი ცხოვრებისეული მისია, დამეცვა [ღაზის მოსაზღვრე დასახლებები]." - ნათქვამია ღაზის დივიზიის მეთაურის, ბრიგადის გენერალი ავი როზენფელდის წერილში.

ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ ღაზის დივიზიის გენერალს ახლო მომავალში ჩაანაცვლებენ.

როზენფელდი არის ისრაელის თავდაცვის ძალების მეორე დიდი რანგის მქონე ოფიცერი, რომელმაც 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო თანამდებობა დატოვა. აქამდე, აპრილში, ასე მოიქცა სამხედრო დაზვერვის სამმართველოს მეთაურიც.

"გადავწყვიტე დავტოვო 143-ე დივიზიის (ღაზის დივიზიის) მეთაურის ჩემი პოზიცია და დავასრულო ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობა, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობით... ყველამ უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და მე ვარ ის, ვინც 143-ე დივიზიას უძღვებოდა." – წერს გენერალი ავი როზენფელდი.

7 ოქტომბერს ჰამასის 3000-მდე ტერორისტი ღაზის სექტორის მოსაზღვრე ებრაულ დასახლებებში შეიჭრა და ისრაელის 1200-მდე მოქალაქე, როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი პირები, დახოცეს. გაიტაცეს 251 ადამიანი. სწორედ ამ მოვლენას მოჰყვა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჯერ იერიშების ესკალაცია, შემდეგ კი სახმელეთო ოპერაციის დაწყება.

კომენტარები