რუსული კანონი

ხალხის ძალა: ცინიკურად, მსჯელობას MEGOBARI აქტი დაარქვეს და მოსისხლე მტრებივით მოგვექცნენ

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

"ცინიკურად, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის დასაცინად, საქართველოზე მსჯელობას "მეგობარი აქტი" დაარქვეს და როგორც მოსისხლე მტრებს, ისე მოგვექცნენ" - ივანიშვილის დეპუტატების მოძრაობა ხალხის ძალა კონგრესში MEGOBARI აქტის გუშინდელ ოსმენას გამოეხმაურა. 

"გუშინ, ამერიკის კონგრესში, უსამშობლო "ქართველების" მონაწილეობით მოწყობილმა სიბოროტით და რევანშიზმით აღსავსე კლოუნადამ კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე მკაფიოდ ახადა ფარდა საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ცხოველურ ინტერესებს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ნებისმიერი ფორმით მოიშორონ და მმართველობაში მათი აგენტურა დააბრუნონ. ნათლად გამოჩნდა, რომ გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი და ამ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ.

ცინიკურად, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის დასაცინად, საქართველოზე მსჯელობას "მეგობარი აქტი" დაარქვეს და როგორც მოსისხლე მტრებს, ისე მოგვექცნენ. ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში კი ის იყო, რომ მოწმეებად ორი უსამშობლო, გვარით ქართველი, აზროვნებით და ცნობიერებით კი მანქურთი საბანაძე და ჩხიკვაძე დაისვეს წინ და ფორმალურ, მაგრამ მაინც საკუთარ ქვეყანაზე ათასგვარი სისაძაგლე და ბოროტება ალაპარაკეს. აქვე შეგახსენებთ, ეს ის ვანო ჩხიკვაძეა სოროსის ფონდიდან, რომელმაც ევროგაერთიანებას მოუწოდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ, რადგან თურმე არ ვიმსახურებდით და პირველ ჯერზე ასეც მოხდა - უკრაინასა და მოლდოვაზე ათი თავით წინ მყოფი ჩვენი ქვეყანა დასაჯეს და მხოლოდ პერსპექტივას დაგვაჯერეს" - წერია ხალხის ძალის განცხადებაში. 

4 ივნისს კონგრესში MEGOBARI აქტის მოსმენა გაიმართა. საქართველოსთან დაკავშირებულ მოსმენაზე მოწმის სახით გამოვიდნენ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე და ფონდ ღია საზოგადოების ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. 

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი კონგრესში საქართველოს საკითხის განსახილველ მოსმენაზე თქვა:

"მმართველი პარტია საერთო ნიადაგს პოულობს ომის დამნაშავე პუტინთან, რომელიც საკმაოდ ბედნიერია ქართული ოცნების ანტიდასავლური, შეთქმულების თეორიებით დატვირთული გადახვევის თანახელმომწერი იყოს. რუსული სადაზვერვო სუბიექტები საქართველოში დაუსჯელად მოქმედებენ, საქართველოს უშიშროების სამსახურები ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართეს მაშინ, როცა საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის იმპერიას ვაჭრობით გადასცეს, ძალაუფლებისა და მატერიალური მოგების იაფფასიანი სამშვენისების სანაცვლოდ". 

 

კომენტარები