რუსული კანონი

"რა უნდა დამასანქცირონ" – ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება შესაძლო სანქციებზე

ზვიად ხარაზიშვილი
მთავარი არხი

"რა უნდა დამასანქცირონ". - ასე უპასუხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე "ხარებამ" ჟურნალისტის კითხვას მის შესაძლო დასანქცირებაზე.

ჟურნალისტმა ხარაზიშვილს ასევე ჰკითხა დღესაც აპირებდა თუ არა რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციაზე ახალგაზრდების ცემას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა კი უპასუხა, რომ ის ახალგაზრდებს არ სცემს - "მე ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს, ცოტა ხანში განახებთ".

22 აპრილს ევროპარლამენტში რუსულ კანონზე და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლაზე იმსჯელეს. ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტები შეადგინეს, რომლებშიც კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში მისი მხარდამჭერი პირების, მათ შორის, კანონპროექტისთვის ხმის მიმცემი დეპუტატებისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებას ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავ რეპრესიების წინაშე არიან, ახლა უკვე სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის ზვიად ხარაზიშვილის მხრიდან.

"მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიიღოს სანქციები, ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნას, კერძოდ: ზვიად ხარაზაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ". - თქვა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები