რუსული კანონი

კობახიძის სტუდენტი: ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამო არ დამიშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის თქმით, ის თსუ-ში პრემიერმინისტრის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ტარების გამო არ დაუშვეს.

"ირაკლი კობახიძის ლექცია იყო, მე ვარ მისი სტუდენტი - პირველ კურსზე ვარ - არათუ, ზოგადად, ლექციაზე, ფაქტობრივად, აუდიტორიასთანაც არ მიმიშვეს. მიზეზად ის ჰქონდათ, რომ დროშები გიკეთიაო. თუმცა, აქამდეც ვყოფილვარ დროშებით. შეიძლება ასე უშუალოდ მობმული არ მქონდა, მაგრამ დროშების ელემენტები დამქონდა. უბრალოდ ვაპირებდი [დროშით] ჯდომას, მეტი რაღა უნდა მექნა - ყველაფერი გაპროტესტებულია - მინდა დაინახონ, რომ არიან ხალხი, ვისაც ეს აქვს, განსაკუთრებით მისი სტუდენტები". - თქვა ცეცხლაძემ მთავარ არხთან.

ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტი დაცვასთან ერთად დატოვა. მან სტუდენტის ლექციაზე არშეშვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა და თქვა, რომ "უნივერსიტეტი არ არის TV პირველის, მთავარის ადგილი და ნაცმოძრაობის ადგილი".

პარალელურად, უნივერსიტეტის წინ, სავარაუდოდ, ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ სტუდენტს, ნიკო მანაგაძეს, რომელმაც ირაკლი კობახიძეს შენობის დატოვებისას რუსეთის მონა უწოდა.

მანაგაძის თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადა 10-15 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც ირაკლი კობახიძეს მუდმივად მობილიზებული ჰყავს, როცა საუნივერსიტეტო სივრცეში იმყოფება. 

"ეს არის დაქირავებული 10-15 კაციანი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმის ყველას, ვინც გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას კობახიძის მიმართ - ისინი თავს ასაღებენ, როგორც თსუ-ის სტუდენტები, თუმცა მუდმივად, როცა კობახიძის მიმართ პროტესტს გამოთქვამენ სტუდენტები, ფიზიკურად ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან მათ". - ამბობს დაზარალებული, ნიკო მანაგაძე TV პირველთან.

ტაბულა აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

კომენტარები