ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ვოლსკი: [გრიგორიადისის] შეწყალებას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს

გია ვოლსკი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, ამას შესაძლოა "მძიმე პოლიტიკური შედეგი" მოჰყვეს, მის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს

დღეს, 12 აპრილს, სასამართლომ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ოჯახს პრეზიდენტის შეწყალების იმედი აქვს, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახის წევრები, ამ წუთებში, პრეზიდენტთან მიდიან, რათა მსჯავრდებულის შეწყალება სთხოვონ

"არც მის შეწყალებას გამოვრიცხავ. შეწყალებას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს. მეორე მხრივ კი, მორალური მუხრუჭია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტრენდი არსებობს და მის შემქმნელებს შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც.

უკვე ფაქტია და ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება, გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭად". - განაცხადა ვოლსკიმ. 


პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. 

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები