ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება

ლაზარე გრიგორიადისი

გასული წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძე ხვალ, 12 აპრილს, დილის 10 საათზე გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.

"გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!" - წერს კალანდაძე Facebook-ზე.

8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა. საბოლოო სიტყვა წარმოთქვა თავად ბრალდებულმაც. გრიგორიადისი პროცესში დისტანციურად ჩაერთო.

თავდაპირველად, საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის, ზვიად შარაძის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. მოგვიანებით პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა, თუმცა მოსამართლემ ის კიდევ ერთხელ გადადო მიზეზით, რომ ბრალდებული მას ფიზიკურად არ ესწრებოდა და პროცესში დისტანციურად მონაწილეობა სურდა.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. 

კომენტარები