რუსული კანონი

იოსელიანი: გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით

ტაბულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსული კანონის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გამჭვირვალეობა ლეგიტიმური მიზანია, "ოღონდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია მოხდეს სწორი გზებით".

მისივე თქმით, გამჭვირვალობის განხორციელებაში ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ფორმები სტრატეგიული პარტნიორებისთვის მისაღები უნდა იყოს.

"როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონის შინაარსზე, შეიძლება პოლიტიკოსებისთვის იყოს დებატის საგანი, მაგრამ თვითონ კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ეს არის ლეგიტიმური, ოღონდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია მოხდეს სწორი გზებით და ამაზე შარშან ვსაუბრობდი პარლამენტში, როდესაც ვამბობდი, თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული NGO-ს დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. თუ მიზნის მიღწევა ხდება კონკრეტული, პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი უკვე წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან, მათ ჩვენ შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და ეს მაქვს დღესაც.

მაშინდელი მოცემულობით იყო იარლიყების მიმყენებელი ეს კანონი, იყო აგენტის სახელწოდება, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ადამიანებისთვის. სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ - პრინციპია, რომ ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს არანაირი კანონი, არც სახელწოდებით, არც შინაარსით, მაგრამ ამავე დროს, მაინც ხაზს ვუსვამ, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ოღონდ მნიშვნელოვანია ეს მიზნები მიღწეული იყოს ისეთი ფორმებით, რა ფორმებიც მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის". - ამბობს იოსელიანი.

ტელეკომპანია პირველის ეთერში წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა გამჭვირვალეობას პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციებში, იოსელიანი პასუხობს:

"მე არ ვიცი, ბევრი ამბები არის, რომელიღაც პარტიას რაღაც ერიცხება, თუ არ ერიცხება... ყოველ შემთხვევაში, ეს კითხვის ნიშნებიც რომ არ არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ყველაფრის შესახებ".

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონი საბოლოო რედაქციით საქართველოს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში, მათი ვალდებულება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება.


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ კანონი კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები