კრიმინალი

დაზარალებულებს თანხას მოტყუებით არიცხვინებდნენ – სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

დამნაშავეები, სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხვინებდნენ.

ბრალდებულები სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, რომელსაც 128 424 ევრო საქართველოში, მათთვის სანდო პირების საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმოარიცხვინეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები