ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გაეროს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მომთხოვნ რეზოლუციას აშშ-მ ვეტო არ დაადო

ისრაელელი სამხედროები UNRWA-ს სათაო ოფისთან ღაზის სექტორში
AP Photo/Ariel Schalit

გაეროს უშიშროები საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და ჰამასის მიერ მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. აშშ-მ, რომელსაც ვეტოს დადების უფლება ჰქონდა და არ გამოიყენა, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. წარსულში აშშ მსგავს რეზოლუციებს ვეტოთი ბლოკავდა. კერძოდ, მათ აქამდე დაბლოკეს 3 რეზოლუცია, რომლებშიც მძევლების გათავისუფლება ნახსენები არ ყოფილა.

რეზოლუცია "ითხოვს რამადანის თვეში ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც ყველა მხარე პატივს უნდა სცემდეს და მათ ხანგრძლივ, შენარჩუნებად ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანს, ასევე მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას".

ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ 130 ისრაელელი მძევალი კვლავ პალესტინური დაჯგუფებების ტყვეობაში რჩება. ზოგიერთი მძევალი წარსული შეთანხმებების დროს გაათავისუფლეს. 

ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შედინების გაფართოებასა და ყველა ბარიერის მოხსნას.

ხმის მიცემამდე ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დაიმუქრა, რომ თუ აშშ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებდა, ვაშინგტონში დელეგაციის შეხვედრებს გააუქმებდა.

აქამდე აშშ-მ საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა, როცა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდასა და ბრძოლების ხანგრძლივ, დროებით შეჩერებას ითხოვდნენ.

აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

აქამდე გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ს, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობსა მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები ისრაელსა და ჰამასს შორის. CNN-ის ცნობით, ისრაელი თანახმა იყო ამ შეთანხმებაზე.

აშშ-ს მიერ ვეტოსგან თავის შეკავების შემდეგ პრემიერმა ნეთანიაჰუმ გააუქმა ვაშინგტონში საკუთარი მთავარი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცახი ჰანეგბის დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი. ნეთანიაჰუ აშშ-ს ომის მიზნებში ხელის შეშლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ვაშინგტონმა საკუთარ პოზიციას გადაუხვია.

კომენტარები