კრიმინალი

მოქალაქეებს FB-თი ავეჯის და ტექნიკის გამოწერას პირდებოდა - თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

Arun Sankar/Agence France-Presse — Getty Images

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შექმნილი გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაპირდა. თუმცა, ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები