ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა აბასმა ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა

მაჰმუდ აბასი და მოჰამედ მუსტაფა
Reuters

პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ახალ პრემიერმინისტრად მოჰამედ მუსტაფა დანიშნა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი მრჩეველი იყო. 

მუსტაფას ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისგან ეკონომიკაში დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული და 2015 წლიდან პალესტინის საინვესტიციო ფონდის თავმჯდომარეობის თანამდებობას იკავებს. 

მანამდე, ის 2 წლის განმავლობაში პრემიერმინისტრის მოადგილედ და ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა და 2014 წლის ჰამას-ისრაელის ომის შემდეგ ღაზის რეკონსტრუქციაში შეიტანა წვლილი.

პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, რომ მუსტაფას პრიორიტეტებში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის ხელმძღვანელობა და ომის განმავლობაში განადგურებული ღაზის რეკონსტრუქცია შედის. 

ამასთან, ახალი პრემიერის პრიორიტეტს პრიორიტეტებს განეკუთვნება პალესტინის ინსტიტუციების რეფორმის გაგრძელება და გეგმების შედგენა "სამშობლოს სამმართველოებში ინსტიტუციების ერთ გეოგრაფიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ და ინსტიტუციურ ერთეულად ხელახლა გასაერთიანებლად". 

თეთრი სახლი მუსტაფას თანამდებობაზე დანიშვნას მიესალმა და ადმინისტრაციას რეფორმების გამტარებელი კაბინეტის დროულად შექმნისკენ მოუწოდა. 

"აშშ ამ ახალი მთავრობისგან მოელის, რომ შედეგს გამოიღებს პოლიტიკისა და დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი რეფორმების დანერგვის მხრივ". - თქვა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ადრიენ ვოთსონმა.

მუსტაფას წინამორბედმა, მოჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ თებერვლის ბოლოს პრეზიდენტს გადადგომის შესახებ წერილი წარუდგინა. 

შტაიემ განმარტა, რომ ღაზაში ომის ფონზე პალესტინა ახალ ეტაპზე გადადის, რომლისთვისაც სამომავლო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პალესტინელთა შორის კონსენსუსის წარმოქმნა არის საჭირო. 

ეს გადაწყვეტილება აშშ-ს მხრიდან მზარდ ზეწოლას მოჰყვა. აშშ აბასს პალესტინურ ადმინისტრაციის რეფორმირებისკენ მოუწოდებდა, რათა ომის დასრულების შემდეგ ღაზაში მთავრობის ფუნქცია შეითავსოს.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გასულ თვეებში ამბობდა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის ჩანაცვლებას პალესტინის ადმინისტრაციით (PA) ჩანაცვლებას არ დაუშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოუწოდებს, რომ რეფორმირებულ PA-სთან თანაცხოვრება გააგრძელონ.

აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუს მიერ უსაფრთხოების კაბინეტისთვის წარდგენილი ღაზის სექტორის მართვის გეგმა PA-ს მმართველობას პირდაპირ არ გამორიცხავს. გეგმაში ნათქვამია, რომ საჯარო საქმეები ღაზის სექტორში მართული იქნება "ლოკალური წარმომადგენლების" მიერ, რომლებსაც გააჩნიათ "ადმინისტრაციული გამოცდილება"  და არ აქვთ კავშირი ქვეყნებთან ან ჯგუფებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს.

კომენტარები