ევროკავშირი

ევროკავშირის საბჭომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაცვლელად პირველი ნაბიჯი გადადგა

ევროპის კავშირის საბჭო
European Parliament/Multimedia Centre

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის რეგულაციის ცვლილების რედაქციაზე შეთანხმდა. თუ EU ამ ცვლილებებს მიიღებს, მეტი შესაძლებლობა ექნება, უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შემთხვევებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

განახლებული მექანიზმის ფარგლებში უვიზო რეჟიმის გასაუქმებლად ახალი საფუძვლები იარსებებს. ეს ახალი მიზეზები იქნება:

  • უვიზო რეჟიმის მქონე მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკის შეუთავსებლობა EU-ს სავიზო პოლიტიკასთან, როცა ამას შესაძლოა ევროკავშირში მიმავალი ადამიანთა რაოდენობის ზრდა მოჰყვეს, მაგალითად, ამ ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვის გამო;
  • თუ ამ ქვეყანაში ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა მოქმედებს, როცა სახელმწიფო თავის მოქალაქეობას ადამიანებს მხოლოდ ინვესტიციის ან საფასურის სანაცვლოდ გადასცემს;
  • ჰიბრიდული საფრთხის გამო, ან თუ სახელმწიფოს უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში დეფექტები შეიმჩნევა;
  • მნიშვნელოვანი და უცაბედი გაუარესება EU-სა და უვიზო რეჟიმის მქონე მესამე ქვეყნის ურთიერთობაში, კერძოდ როცა ეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ეხება.

ამასთან, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების ვადა 9-იდან 12 თვემდე გაიზარდა და შესაძლებელი იქნება 24 თვით ვადის გაზრდა, როცა წინა სისტემა მხოლოდ 18 თვით გაზრდას ითვალისწინებდა.

ცვლილებების რედაქცია ასევე უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვის დროს რელევანტური საფუძვლების განსახილველი ვადის 2 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს. ამგვარად შესაძლებელი იქნება, გამოსაკვლევ ფაქტორებზე უფრო დიდი ხნით დაკვირვება, ფართო მიდრეკილებების დასადგენად.

ეს პირველი ნაბიჯია კანონპროექტის მიღებისთვის, შემდეგ ეტაპზე შეთავაზებული რედაქციის თაობაზე პოზიციაზე ევროპარლამენტი უნდა შეთანხმდეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მოილაპარაკონ.  

კომენტარები