დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ავსტრალიამ და ASEAN-მა სამიტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავშეკავებისკენ მოწოდებით დაასრულეს

ავსტრალიისა და ASEAN-ის ლიდერები მელბურნში გამართულ სამიტზე, 2024 წლის 5 მარტი
REUTERS/Jaimi Joy

რეგიონში პეკინის მზარდი ამბიციების ფონზე, ავსტრალიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ (ASEAN) ქალაქ მელბურნში გამართული სამდღიანი სამიტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავშეკავებისკენ მოწოდებით დაასრულეს.

ავსტრალიამ ქალაქ მელბურნში ASEAN-თან ერთად გამართულ სამიტს ბლოკთან მისი კავშირების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად უმასპინძლა.

სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში ქვეყნებმა ღაზის სექტორში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებაც გაავრცელეს.

"ჩვენ ვცნობთ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უპირატესობებს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მოერიდონ ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც რეგიონში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის". - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ინდო-წყნარ ოკეანეში "წესებზე დაფუძნებული" წესრიგი უნდა დამყარდეს.

განცხადებასთან დაკავშირებით 6 მარტს გამართულ რეგულარულ ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სიტუაციას სტაბილური უწოდა და აღნიშნა, რომ პეკინის პოზიცია სადავო ზონაში თანმიმდევრული და მკაფიოა.

"ჩვენ შეშფოთებულ ქვეყნებთან განსხვავებებზე სათანადოდ ვიმუშავებთ და [მუშაობის შედეგებს] ASEAN-ის ქვეყნებთან სრულად და ეფექტურად დავნერგავთ". - თქვა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

სამიტის მონაწილეებისა და პეკინის განცხადებები მოჰყვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გუშინ, 5 მარტს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ჩინეთისა და ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდები ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ფილიპინური გემის ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა.

ფაქტთან დაკავშირებით გუშინვე მანილაში ჩინეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დაიბარეს და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განლაგებული ფილიპინური გემების წინააღმდეგ ჩინეთის საზღვაო ძალების "აგრესიული ქმედებები" გააპროტესტეს.

მანამდე, 4 მარტს ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენრიკე მანალომ მეზობელ სახელმწიფოებს მოუწოდა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კანონის უზენაესობის დასაცავად ერთად უფრო მტკიცედ დადგნენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა კი მელბურნში სამიტის მიმდინარეობისას თქვა, რომ მას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მზარდი ამბიციების ფონზე ქვეყნის ტერიტორიების დაცვისა.

მდიდარი რესურსებითა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების სიმრავლით გამორჩეულ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ხანგრძლივი ტერიტორიული დავები მიმდინარეობს, ეს სიტუაციის უახლესი გამწვავებაა.

ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე, რომელშიც ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ინდონეზიისა და ფილიპინების ეკონომიკური ზონების ნაწილებიც შედის.

კომენტარები