დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

მანილას თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მიერ განთავსებული ბარიერი მოხსნეს

ფილიპინების სანაპირო დაცვის მიერ 2023 წლის 26 სექტემბერს გავრცელებული დაუთარიღებელი ფოტო, რომელზეც ბარიერის მოხსნის პროცესია გადაღებული
Philippine Coast Guard via AP

ფილიპინების სანაპირო დაცვის თქმით, პეკინის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში მდებარე სკარბოროს მეჩეჩზე ფილიპინელი მეთევზეების შესვლის აღსაკვეთად განთავსებული მოტივტივე ბარიერების მოხსნასთან დაკავშირებით საპრეზიდენტო ბრძანება შესრულებულია.

"ბარიერის მოსახსნელად ფილიპინების სანაპირო დაცვის გადამწყვეტი ქმედება თანხვედრაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან და მეჩეჩზე ფილიპინების სუვერენიტეტთან". - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში მდებარე მეჩეჩთან დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის მოტივტივე ბარიერის განთავსების ამსახველი, 20 სექტემბერს გადაღებული ფოტოები ფილიპინების სანაპირო დაცვამ 24 სექტემბერს გაავრცელა.

ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარიერის განთავსებას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ედუარდო ანიომ კი თქვა, რომ ქვეყანა სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში ჩინეთის მიერ განთავსებული მოტივტივე ბარიერების მოსახსნელად "ყველა შესაბამის ზომას მიიღებდა".

ფილიპინების სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული მთლიანად მოხსნეს თუ არა ბარიერი და ჰქონდა თუ არა რეაგირება ჩინეთის სანაპირო დაცვას.

საკითხს გამოეხმაურა ოფიციალური პეკინიც. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვანგ ვენბინის თქმით, მეჩეჩი და მიმდებარე წყლები "ჩინეთის ხელშეუვალი ტერიტორიებია", სადაც პეკინს "უდავო სუვერენიტეტი აქვს".

მდიდარი რესურსებითა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების სიმრავლით გამორჩეულ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ხანგრძლივი ტერიტორიული დავები მიმდინარეობს, ეს სიტუაციის უახლესი გამწვავებაა.

ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე, რომელშიც ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ინდონეზიისა და ფილიპინების ეკონომიკური ზონების ნაწილებიც შედის.

მანილას თქმით, სკარბოროს მეჩეჩი ფილიპინების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ზღვის 370-კილომეტრიან მონაკვეთზე მდებარეობს, სადაც სანაპირო სახელმწიფოებს თევზსა და სხვა რესურსებზე ექსკლუზიური უფლებები აქვთ.

ფილიპინების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ედუარდო ანიოს თქმით ეს უფლებები დაცული იყო 2016 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, რომელიც 1982 წლის გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მიხედვით მიიღეს. პეკინმა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღიარებაზე უარი თქვა.

კომენტარები