2024 წელს გარდაცვლილები

გარდაიცვალა ქეთ ჯენისი, შვილისთვის დაწერილი, ვირუსულად გავრცელებული სიმღერის ავტორი

ქეთ ჯენისი და მისი შვილი ლორენი, 2024 წლის იანვარი
Jahi Chikwendiu/The Washington Post, via Getty Images

31 წლის ასაკში სარკომით დაავადებული მომღერალი და კომპოზიტორი, TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებული სიმღერის ავტორი, ქეთ ჯენისი გარდაიცვალა.

მომღერალმა, რომლის რეალური სახელი და გვარი კეტრინ იფსანი იყო, მუსიკის წერა მოზარდობაში დაიწყო, თუმცა პოპულარობა სამკურნალოდ ჰოსპისში გადასვლის შემდეგ, 19 იანვარს გამოქვეყნებულმა პოპ-ტრეკმა, Dance You Outta My Head მოუპოვა.

სიმღერა TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჯენისმა პლატფორმაზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და მიმდევრებს მოუწოდა, მისი 7 წლის შვილის, ლორენის მხარდასაჭერად სიმღერა თავიანთი მოკლე ვიდეოების საუნდტრეკად გამოეყენებინათ.

"ვტოვებ ამ სიმღერას ჩემი შვილისთვის". - დაწერა ჯენისმა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოპ-ტრეკზე საავტორო უფლებები შეცვალა იმისთვის, რომ სიმღერით მიღებული შემოსავალი მთლიანად ლორენს დარჩენოდა.

სიმღერა მოკლე დროში TikTok-ის 2 მილიონზე მეტ ვიდეოში გამოიყენეს და ის გახდა მომღერლის პირველი ნამუშევარი, რომელიც ბილბორდის სიებში მოხვდა.

კეტრინ ჯენის იფსანი 1993 წლის 20 იანვარს, 4-შვილიან ოჯახში დაიბადა. ოჯახის წევრების თქმით, ის მეცნიერების დიდი მოყვარულიც იყო. იფსანი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

2022 წელს ჯენისს სარკომა დაუდგინდა. მომღერალს ოპერაცია და ქიმიოთერაპიის 10-ზე მეტი კურსი ჩაუტარდა, თუმცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.

კომენტარები