განათლების სისტემა

კობახიძე: სკოლა პატრიოტულ სულისკვეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, პროექტი მომზადებულია

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე მუშაობს, "რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება". კობახიძის ცნობით, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც "ეროვნულ, პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული". პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვები უახლოეს დღეებში დაიწყება.

"ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე, რომელიც დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის სრულფასოვან ცოდნას, განმსაჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობისა და სამართლიანობის პრინციპები და რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე თანამედროვე სამყაროში.

ასეა გაწერილი ეს მიზნები პროექტში, რომელიც არის მომზადებული განათლების სამინისტროს მიერ. უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიას, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს

ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების სისტემის განვითარება სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს, რისთვისაც ეროვნული მიზნების სათანადო გაწერას, ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. მადლობა განათლების სამინისტროს უკვე გაწეული სამუშაოსთვის და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მოვახერხებთ ისეთი დოკუმენტის მიღებას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენს ინტერესებს ზოგადი განათლების სფეროში" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები