კრიმინალი

მეტამფეტამინის უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ინდოეთის 2 მოქალაქეს ბრალი წარედგინა

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ქუთაისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ინდოეთის ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი, რაც თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 22 თებერვალს დააკავეს, მათ პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" და მე-5 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი) წარუდგინა.

ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი დამატებით წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე.

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები