ბავშვებით ვაჭრობა

მუსერიძე: 44 წლის წინ დაიბადა გოგონა, მამას უთხრეს რომ დაიღუპა, გაიხსნა საფლავი და ცარიელია

თამარ მუსერიძე

არასამთავრობო ორგანიზაციის ვეძებ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში 44 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე წერს, როდესაც მისი თქმით ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობლებს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი დაიღუპა და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს.

მუსერიძის ინფორმაციით განჩინების საფუძველზე 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა და ცარიელი აღმოჩნდა.

"44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას, წუთით დაინახა, იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან - ჩვილთან ერთად. რატომ შემოუყვანეთ, ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ჰყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო. ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს. ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა". - წერს თამუნა მუსერიძე. 

ტაბულა დეტალების გასაგებად თამარ მუსერიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ინფორმაცია ადვოკატმა მიაწოდა, რომელმაც სამართალდამცავების ჩარევითა და 1-წლიანი ლოდინის შემდეგ, მათი თანდასწრებით გახსნა საფლავი. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მოიკითხავენ.


26 იანვარს BBC-მ გაავრცელა ფილმი ქართველ ტყუპებზე, რომლებიც უკანონოდ გააშვილეს და ერთმანეთი მოგვიანებით სოციალურ ქსელ TikTok-ზე იპოვეს. 

ერთ-ერთი ტყუპი - ემი ფილმში ყვება, რომ პირველად მისი ტყუპისცალი 12 წლის ასაკში შემთხვევით ტელეეკრანზე ერთ-ერთ ტელეშოუში დაინახა, თუმცა ამ დროს მისი ძებნა არ დაუწყია. ხოლო მისი ტყუპისცალის თქმით, წლების შემდეგ მას ემის ვიდეო სოციალურ ქსელში მეგობარმა გაუგზავნა და მას შემდეგ გადაწყვიტა მოეძებნა გოგო, რომელიც მას ძალიან ჰგავდა. 

ფილმი ეხება საქართველოში ათწლეულების მანძილზე ჩვილების უკანონო გაშვილების და გაყიდვის პრაქტიკას. ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძეც. მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო. თავად თამუნა მუსერიძე ბავშვების უკანონოდ გაყიდვის და გაშვილების სქემის ერთ-ერთი მსხვერპლია. 

კომენტარები