საქართველო-ბელარუსი

ლუკაშენკო NATO-ში საქართველოს "ჩათრევის" შემთხვევაში "უკრაინული სცენარით" იმუქრება

ალექსანდრ ლუკაშენკო
https://president.gov.by/

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო უსაფრთხოების გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველოს NATO-ში "ჩათრევის" შემთხვევაში "ყველაფერი უკრაინის სცენარით მოხდება".

"NATO-ში ფინეთის შესვლა, მალე კი შვედეთისაც, ეს აღმოსავლეთით ექსპანსიის მომდევნო ეტაპია. ალიანსში ჩაითრევენ ბოსნია-ჰერცეგოვინასაც, მოლდოვასაც, საქართველოსაც, სერბეთსაც და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარით განვითარდება." – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა საკუთარ მოსაზრებას, რომ უკრაინის NATO-სთან პარტნიორობა ომით დასრულდა.

ბელარუსი დიქტატორის მტკიცებით, "კოლექტიური დასავლეთის" მადა და აქტიურობა გაიზრდება.

"ჩვენ, ფაქტობრივად, ვიმყოფებით უდიდესი გაჭიანურებული სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში, იყენებენ დაშინების მსოფლიოსავით ძველ მეთოდებს. პროგნოზები დამამშვიდებელი არაა. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ NATO-ს გაფართოებას. მათთვის ძალიან ხელსაყრელი სიტუაციაა." – თქვა ლუკაშენკომ.

როგორც ლუკაშენკო კვლავ ირწმუნება, დასავლეთში სურთ, რომ ომში ბელარუსიც ჩაითრიონ.

კომენტარები