ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

სარაკეტო დარტყმის შედეგი ქალაქ საფედში
David Cohen/Flash90

ლიბანის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმებს ერთი ისრაელელი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ რვა. დარტყმის სამიზნე ქალაქი საფედი და მის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზა იყო.

დაღუპული პირი, ზოგიერთი მედიის ცნობით, სამხედროა.

იერიშზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა, სავარაუდოდ, მათ უკან დგას ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა, რომელიც ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს აკონტროლებს. ეს დაჯგუფება ბოლო თვეებში ისრაელზე ყოველდღიურ თავდასხმებს აგრძელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ რამდენიმე რაკეტა დაეცა საფედის ჩრდილოეთის სარდლობის შტაბბინას, რომელიც ლიბანის საზღვრიდან 13 კილომეტრში მდებარეობს. ასევე, დაზიანდა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში.

გასულ დღეს ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა ამბობდა, რომ ისრაელზე დარყმებს გააგრძელებენ მანამ, სანამ ისრაელი ღაზის სექტორში "საკუთარ აგრესიას" არ დაასრულებს.

კომენტარები