კრიმინალი

პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი თოკით მოახრჩო და ხევში გადააგდო, 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო". - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა 6 ივნისს დააკავეს ბრალდებული, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ", და "კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა, სასჯელის გამკაცრების მიზნით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები