ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ჰამასის ტყვეობიდან ორი მძევლის გათავისუფლების ოპერაციის კადრებს ავრცელებს (VIDEO)

ისრაელის პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობიდან ორი მძევლის, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანისა და 70 წლის ნორბერტო ლუი ჰარის, გათავისუფლების სპეცოპერაციის კადრებია ასახული.

ჩაფხუტიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აღწევენ ისრაელის სასაზღვრო პოლიციის ელიტური "იამამის" კონტრტერორისტული განყოფილების პოლიციელები იმ შენობაში, სადაც ჰამასს მარმანი და ჰარი ჰყავდა დატყვევებული.

სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ სამი ჰამასის ტერორისტი მოკლა და მძევლები წარმატებით გაათავისუფლა. ამის შემდეგ ისინი შეჯავშნილი მანქანებით ქალაქ რაფადან გამოიყვანეს და სამხედრო თვითმფრინავით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ჯანმრთელობის მხრივ ორივე კარგ მდგომარეობაში იმყოფება.

ჰამასის ტყვეობიდან სიმონ მარმანი და ნორბერტო ლუი ჰარი გუშინ, 12 თებერვალს, გაათავისუფლეს. ისინი ჰამასმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას ნირ-იცხაკის კიბუციდან გაიტაცა.

ერთობლივ სპეცოპერაციაში შინ ბეთი, ისრაელის თავდაცვის ძალები და ისრაელის პოლიცია იყო ჩართული. ხოლო IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, თქვა, რომ ოპერაციაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ და მის განხორციელებამდე დიდი ხანი იცდიდნენ, რათა გეგმა შესაბამის პირობებში შეესრულებინათ. მისივე თქმით, რაფის გულში შეღწევა რთული ამოცანა იყო. 

"ძალებმა სამიზნეს შეფარვით დაახლოებით 01:00-ზე მიაღწიეს, და ადგილზე და მეორე სართულზე ძალიან რთული მოქმედებები ჩაატარეს, სადაც მძევლები იმყოფებოდნენ". - თქვა ჰაგარიმ.

ჰაგარის თქმით, ოპერაციის შედეგად "მრავალი ტერორისტი განადგურდა", მათ შორის სამი იმ შენობაში იმყოფებოდა, სადაც მძევლები იყვნენ.

მძევლები ისრაელში არგენტინიდან ჩავიდნენ და არგენტინის მოქალაქეები იყვნენ. მათ გათავისუფლებას არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი გამოეხმაურა და ისრაელის უწყებებს მადლობა გადაუხადა.

"არგენტინელების, ფერნანდო სიმონ მარმანისა და ლუი ჰარის, წარმატებით გათავისუფლებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ისრაელის თავდაცვის ძალებს, შინ ბეთსა და ისრაელის პოლიციას". - წერს მილეის ადმინისტრაცია X-ზე. 

კომენტარები