ე.წ ქოლცენტრების საქმე

ე.წ ქოლცენტრების საქმეზე უცხოეთის მოქალაქეს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შეუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

პირი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ იძებნებოდა.

"ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და შემდგომ მხარდაჭერაში, რომელთა გამართულ მუშაობაზე დამოკიდებული იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობა.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხოლოდ ბავარიის მიწის ტერიტორიაზე მცხოვრებ, იდენტიფიცირებულ დაზარალებულთა რაოდენობა 1000 პირს აჭარბებს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობა 42 მილიონ ევროზე მეტია". - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

უწყების მითითებით, პროკურატურა დაკავებული პირის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.


პროკურატურამ თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების გატარების შესახებ ინფორმაცია თებერვლის თვის დასაწყისში გაავრცელა.

"საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას აქტიურად აგრძელებს და თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები