ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა როსგვარდიასთან ხელშეკრულების დადებაზე უარი თქვა

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასთან (როსგვარდია) შეთანხმების დადებაზე უარი თქვა.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის თქმით, როსგვარდიის ფედერალურ სამსახურსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი "ხელმოწერას არ ექვემდებარება".

"ვიზიარებთ მოქალაქეების განცდებსა და წუხილს. ამავდროულად, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი პროფესიული საქმიანობის აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების, ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ გამოსაყენებლად". - თქვა კიუტიმ და დასძინა, რომ აფხაზეთის, როგორც "სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს" "კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყონ".

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს "საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან საბრძოლველად, იარაღით ვაჭრობის, კერძო უსაფრთხოებისა და კერძო დეტექტიური საქმიანობის სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დასაცავად საკმარისი პერსონალი ჰყავთ".

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზნად ისახავს განავითაროს თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ფედერალურ სამსახურთან, აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით". - თქვა კიუტიმ.

მანამდე, 9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასთან (როსგვარდია) შეთანხმების დადებას აპირებდა. ამ ფაქტით უკმაყოფილო იყო მარიონეტული რეჟიმის ოპოზიცია.

"მხარეები თანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებით: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო კონტროლი იარაღით ვაჭრობის, კერძო დაცვისა და კერძო დეტექტიური საქმიანობის სფეროში; ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა; დანაშაულთა წინააღმდეგ ძალოვანი მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფა; სპორტული და კულტურული კავშირების გაუმჯობესება". – ნათქვამი იყო გასაფორმებელ პროექტში, რომელიც აფხაზურმა მედიამ გამოაქვეყნა.

კომენტარები