უნგრეთი

უნგრეთის პრეზიდენტი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თანამზრახველის შეწყალების გამო გადადგა

კატალინ ნოვაკი

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი გადადგა მას შემდეგ, რაც მის მიერ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში თანამზრახველის შეწყალებას დიდი სკანდალი მოჰყვა. ნოვაკმა გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, კატალინ ნოვაკმა შეიწყალა პირი, რომელიც სასჯელს იმიტომ იხდიდა, რომ არასრულწლოვნებს აიძულებდა საჯარო ბავშვთა თავშესაფრის დირექტორის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდება უკან წაეღოთ.

ამ ინფორმაციის გავრცელებას უნგრეთში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ნოვაკმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ თანამზრახველის შეწყალება შეცდომა იყო.

ამას გარდა, უნგრეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, იუდით ვარგამ დატოვა პარტია ფიდესის ევროპარლამენტის არჩევნების კამპანიის ხელმძღვანელის პოსტი. მან მინისტრობის დროს ხელი მოაწერა შეწყალების ბრძანებას. ფიდესი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიაა.

გასულ კვირაში უნგრულმა მედიამ გამოაქვეყნა იმ 25 ადამიანის სახელი, რომლებიც ნოვაკმა პაპი ფრანცისკეს ვიზიტის დროს გასული წლის აპრილში შეიწყალა. პირი, რომელიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თანამზრახველი იყო, ბავშვთა თავშესაფრის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მოადგილეს მისჯილი ჰქონდა 3-წლიანი პატიმრობა. თავად დირექტორს, რომელიც ბავშვებზე ძალადობდა, თავისუფლების 8 წლით აღკვეთა აქვს შეფარდებული.

საპროტესტო აქციებზე ითხოვდნენ ნოვაკის გადადგომას, თუმცა მის მიერ თანამდებობის დატოვება მოულოდნელი იყო, რადგან ის პრემიერი ორბანის ახლო მოკავშირეა და პარტია ფიდესშიც პოპულარულობით სარგებლობს.

წლების განმავლობაში პარტია ფიდესი საკუთარი ფასეულობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედად ოჯახის ღირებულებებს ასახელებდა.

კომენტარები