ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის ე.წ. შსს როსგვარდიასთან შეთანხმებას დადებს, მარიონეტების ოპოზიცია უკმაყოფილოა

როსგვარდიის წევრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიასთან (როსგვარდია) შეთანხმების დადებას აპირებს. ამ ფაქტით უკმაყოფილოა მარიონეტული რეჟიმის ოპოზიცია. 

"მხარეები თანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებით: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო კონტროლი იარაღით ვაჭრობის, კერძო დაცვისა და კერძო დეტექტიური საქმიანობის სფეროში; ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა; დანაშაულთა წინააღმდეგ ძალოვანი მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფა; სპორტული და კულტურული კავშირების გაუმჯობესება". – ნათქვამია გასაფორმებელ პროექტში, რომელიც აფხაზურმა მედიამ გამოაქვეყნა.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციამ ამ ცნობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. ისინი ე.წ. შს მინისტრს, რობერტ კიუტს მოუწოდებენ, რომ უარი თქვას "მსგავსი შეთანხმების აზრად გავლებაზეც კი". ოპოზიციური ჯგუფების შეფასებით, ეს არის პირდაპირი ჩარევა მათი ე.წ. სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში. ისინი კიუტის გადადგომას ითხოვენ. ჯგუფები ამ გადაწყვეტილებას "სუვერენიტეტის დათმობასა" და "ანტიეროვნულ ნაბიჯს" უწოდებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ოპოზიცია 11 თებერვალს დემონსტრაციის გამართვას გეგმავს და იწვევენ მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას, რათა მათ შეკითხვებს უპასუხოს.

გასულ დღეებს რობერტ კიუტი სოხუმში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. აქამდე კი ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მარიონეტული სტრუქტურების წარმომადგენლები რუს ძალოვანებთან ერთად რიწის ტბაზე ანტიტერორისტულ სწავლებებს ჩაატარებდნენ. 

როსგვარდია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ბაზაზე დაფუძნდა. ამ სტრუქტურის მიზანია სახელმწიფო და საჯარო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როსგვარდიის ქვედანაყოფები უკრაინაში მიმდინარე ომშიც მონაწილეობენ. მას შემდეგ, რაც 2023 წელს კსკ ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა აჯანყების მოწყობა სცადა, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც როსგვარდიას მძიმე სამხედრო ტექნიკის ქონაც შეუძლია.

კომენტარები