2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ბაიდენს პრესკონფერენციაზე ეგვიპტე მექსიკაში აერია, მეხსიერებაზე კითხვებს მწვავედ უპასუხა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9 თებერვალს სიტყვით გამოვიდა და რობერტ ჰურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ ბაიდენი "ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს" და, იგი "ცუდი მეხსიერების მქონე მოხუცი კაცის" შთაბეჭდილებას ტოვებს.

სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პროკურორის მიხედვით, საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის საქმეზე მას ბრალი არ უნდა წაუყენონ. ასევე იმაზეც, რომ გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა. ამას გარდა, ბაიდენმა ანგარიშზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მისი საქმე ტრამპის მიერ გასაიდუმლოებული დოკუმენტების საქმისგან განსხვავდება. 

გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ბაიდენს მეხსიერებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რასაც მისგან მწვავე პასუხები მოჰყვა. 

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა: "რამდენად ცუდია თქვენი მეხსიერება და შეგიძლიათ, პრეზიდენტად ყოფნის გაგრძელება?", რასაც ბაიდენმა უპასუხა: "ჩემი მეხსიერება იმდენად ცუდია, რომ ლაპარაკის ნებართვა მოგეცით".

კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, "ბევრი ამერიკელი ადამიანი თქვენ გიყურებდათ და თქვენი ასაკის შესახებ დარდობენ", რაზეც ბაიდენმა განაცხადა, რომ "ეს თქვენი თვალსაზრისია, ეს თქვენი თვალსაზრისია და არა - პრესის".

მოგვიანებით, ბაიდენი ღაზის სექტორში მიმდინარე ომს გამოეხმაურა, რა დროსაც ეგვიპტისა და მექსიკის ქვეყნები ერთმანეთში აერია:

"ღაზის სექტორში [ისრაელის] საპასუხო ქმედებები გადამეტებულია. მგონია, რომ... როგორც იცით, თავდაპირველად მექსიკის პრეზიდენტს სისის (რედ. გულისხმობს ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ ფათაჰ ალ-სისის) არ უნდოდა კარის გაღება, რათა [ღაზაში] ჰუმანიტარული დახმარება შესულიყო".

რობერტ ჰურმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის საქმის პროკურორი იყო, უარი თქვა დაეწყოთ სამართლებრივი დევნა ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ, თუმცა ანგარიშში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი "ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს" და დაამატა, რომ ბაიდენი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არის "მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით".

ჰურის ანგარიშში ბაიდენის მეხსიერებასთან დაკავშირებით ეწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა. მის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის მეხსიერება "მნიშვნელოვნად შეზღუდულია", რის საფუძვლადაც 2023 წელს პროკურორის მიერ მასთან ჩატარებული ინტერვიუებია დასახელებული. ბაიდენის ასაკი და მსგავსი დახასიათება ნაფიც მსაჯულებს, საფუძვლიან ეჭვს მიღმა, კიდევ უფრო გაურთულებდა დარწმუნება, რომ ბაიდენმა საიდუმლო დოკუმენტები განზრახ გაასაჯაროვა. 

"ჩვენ ასევე ჩავთვალეთ, რომ სასამართლო პროცესზე ბატონი ბაიდენი ნაფიც მსაჯულთა წინაშე სავარაუდოდ წარდგებოდა ისე, როგორც ეს ჩვენი ინტერვიუს დროს გააკეთა, როგორც კეთილგანწყობილი, მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით. მასთან ჩვენი უშუალო ურთიერთობისა და დაკვირვების საფუძველზე, ის არის პირი, ვისთვისაც ბევრ ნაფიც მსაჯულს ენდომება გონივრული ეჭვის დადგენა. რთული იქნება ნაფიც მსაჯულთა დარწმუნება, რომ ის დაადანაშაულონ, ამ დროისთვის ყოფილი პრეზიდენტი მის ოთხმოციან წლებში, იმ მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც განზრახვის არსებობის ფსიქიკურ მდგომარეობას მოითხოვს". – წერია ანგარიშში.

ჰურის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მეხსიერება ინტერვიუების დროს იყო უარესი, ვიდრე 2017 წლის საუბრების დროს. 

"მას არ ახსოვდა, როდის იყო ვიცეპრეზიდენტი, ინტერვიუს პირველივე დღეზე დაავიწყდა, როდის დასრულდა მისი ვადა ("2013 იყო თუ სწორად მახსოვს? როდის დავასრულე ვიცეპრეზიდენტობა") და ინტერვიუს მეორე დღეზე არ ახსოვდა, როდის დაიწყო მისი ვადა ("2009 წელს კვლავ ვიცეპრეზიდენტი ვიყავი?". – წერია ანგარიშში და მოყვანილი აშშ-ს პრეზიდენტის ციტატები.

ბაიდენის მომხრეებმა პრეზიდენტის მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გაამართლეს ფაქტით, რომ მისი დაკითხვა ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის მოვლენების პარალელურად ხდებოდა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ინტერვიუების დროს "საერთაშორისო კრიზისის მოგვარებაზე" ზრუნავდა.

კომენტარები