შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე თავისუფლების ინსტიტუტსაც ევროპული საქართველოს განშტოებას უწოდებს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტაბულასთან ერთად, თავისუფლების ინსტიტუტსაც ევროპული საქართველოს "განშტოებად" მოიხსენიებს. პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს აქვეყნებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას მორიგ ჯერზე ესხმის თავს. 

"ზოგიერთ პარადოქსულ შემთხვევაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ატარებს მათი შემქმნელი პოლიტიკური პარტიის სახელს. ეს პარტიები ორგანიზაციების მიერ აღებულ უცხოურ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, ინტერნეტ-გამოცემა ტაბულა და არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი პარტია ევროპული საქართველოს განშტოებებია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები დროა და ხალხისთვის პირდაპირ მათი შემქმნელი პარტიების სახელს ატარებს. ეს უცხოური დაფინანსების პოლიტიკურ ჯგუფებზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის შემთხვევებია, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა" - წერს პაპუაშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ტაბულას პარტიულ მედიად მოიხსენიებს. გასული წლის გაზაფხულზე შალვა პაპუაშვილმა რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი [EED] აფინანსებს ტაბულას, რომელიც, “ფაქტობრივად პარტიული მედიაა”.

"[ტაბულა] პარტიული მედიაა, ისინი არც უარყოფენ ამას, რომ პარტიული მედია არიან. პირდაპირ არიან დაკავშირებული ევროპულ საქართველოსთან, პირდაპირ ატარებენ იმ ხაზს, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს, არიან პროპაგანდისტული მედია. [...] ჩვენს პარტიას აქვს ნიუსლეთერი, რომელსაც ვაგზავნით და არ მგონია, რომ რომელიმე ორგანიზაციამ ჩვენი პარტიის ნიუსლეთერი დააფინანსოს. აღმოჩნდა, რომ თურმე ევროპული საქართველოსას აფინანსებენ" - ამბობდა პაპუაშვილი.

9 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში პარლამენტის თავმჯდომარე პრობლემას უწოდებს, რომ "არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არა ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების მიერ". ის წერს, რომ საჭიროა ფინანსური გამჭვირვალების გაზრდა და არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება. 

"აშკარაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია. ისინი უფრო მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური პარტია, ასეთად რომ დარეგისტრირებულიყვნენ. უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში. თანაც, მთელი ეს ფული უცხოური წყაროებიდან მომდინარეობს. იბადება შეკითხვა, რატომ? საქართველოში ხალხიც და ბიზნესიც ფულს წირავს პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური შურისგების საშიშროება არ დგას. მეტიც, საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ქველმოქმედებაზე, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობაც და ბიზნესიც საკმაოდ ხელგაშლილია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერაფრით მოახერხეს ხალხისა და ბიზნესის დარწმუნება, რომ მათგან დაფინანსება მიიღონ და, ამიტომაც, თითქმის მთლიანად უცხოეთზე არიან დამოკიდებულნი...

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებზე მდიდარია, სხვა მხრივაცაა პრობლემური. კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პატარა პარტიებთან მუშაობენ და მათ განვითარებაშიც ეხმარებიან. პატარა პარტიების მიერ ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებელი კი მათ პარტიებზე არასათანადო გავლენის ბერკეტს აძლევს. ეს კარგად გამოჩნდა სახალხო დამცველის არჩევისას, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. როდესაც არასამთავრობოებმა იგრძნეს, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონსენსუსი იკვეთებოდა, დახურულ კარს მიღმა დაიწყეს პატარა პარტიებზე წნეხის მიტანა, რომ ამ უკანასკნელებს თავი შეეკავებინათ სახალხო დამცველისთვის ხმის მიცემისაგან. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ არასამთავრობოებს სახალხო დამცველის კანდიდატი თვალში არ მოუვიდათ" - წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, "უცხოური დაფინანსების მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაა".  მისივე თქმით, არასამთავრობოებთან დაკავშირებული მეორე საკითხი "მათი პოლიტიკური მიკერძოებაა".

"შეგვიძლია, ცხადად დავინახოთ კავშირი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და სააკაშვილის მთავრობის ყოფილ თანამდებობის პირებს შორის (მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და მისთ.). რა გასაკვირია, რომ სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებით გააქტიურდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ და, გარკვეულ მომენტში, პირდაპირ პრეტენზია განაცხადა ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასა და ამ მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობაზე. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, შემჩნეული იყო ხმის პარალელური დათვლის დამახინჯებაში 2020 წლის არჩევნებზე. 

დაფინანსების გარდა, ზოგიერთი ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკური მიკერძოებულობა სხვა მხრივაც პრობლემატურია. ისინი დახმარებას უწევენ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ ესხმიან თავს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მას ხშირად არალეგიტიმურად აცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური მიკერძოება რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს აძლიერებს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალების გავლენის აგენტები ხდებიან, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ...

აქ მთავარი სიტყვა პასუხისმგებლობაა. რადიკალებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ და 2020-2022 წლებში მთავრობა დაემხოთ, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას ქაოსზე და, დიდი ალბათობით, ძალაუფლებაში მოსული დიქტატორული ჯგუფის ქმედებებზე? ეჭვი მეპარება, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მათ დონორებს აეღოთ პასუხისმგებლობა. რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში ჭირდება. და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ" - წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი იქნებოდა დონორების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება "იმ საქმიანობაზე, რომლებსაც მათი სახელის გამოყენებით არასამთავრობოები ეწევიან".

"არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები. არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა" - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები