ისრაელ-ჰამასის ომი

Reuters: ჰამასი 135 დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის დროს, 22 ნოემბერი, 2023
John MacDougall/AFP via Getty Images

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ჰამასი 3-ეტაპიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ინიციატივით გამოდის. თითოეული ეტაპი 45 დღე გაგრძელდება და საბოლოოდ სამხედრო კონფლიქტის დასრულებას გულისხმობს.

Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, 135 დღის მანძილზე მხარეებს შორის მოხდება ტყვეებისა და ცხედრების გაცვლა, დაიწყება ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია და ისრაელის თავდაცვის ძალები ტერიტორიას სრულად დატოვებენ.

ჰამასის მიხედვით, პირველი 45 დღის განმავლობაში გაათავისუფლებენ ქალებს, 19-წლამდე მამაკაცებს, მოხუცებსა და ავადმყოფებს ისრაელის ტყვეობაში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების სანაცვლოდ. 

ტყვეობაში მყოფი დანარჩენი მამაკაცების გაცვლა ცეცხლის შეწყვეტის მეორე, ხოლო ცხედრების გაცვლა მესამე ფაზის დროს მოხდება. 

შეთანხმება ასევე გულისხმობს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სხვა ტიპის დახმარების მიწოდებას. 

გასულ ღამეს ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა მას შემდეგ, რაც მან შეხვედრა გამართა კატარისა და ეგვიპტის ლიდერებთან. ბლინკენი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ისრაელში მეხუთე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ისრაელური გამოცემის, Israel Hayom-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის ძალების უფროსს, ჰერცი ჰალევის პირისპირ 7 თებერვალს შეხვდება

კომენტარები