სომხეთი

ფაშინიანი: ადრე თავდაცვაში ურთიერთობის 95-97% რუსეთთან გვქონდა, ახლა ეს შეუძლებელია

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Armenpress-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთის თავდაცვის მიმართულებით განვითარების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ერევანს ვეღარ ექნება რუსეთის ფედერაციასთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც წარსულში ჰქონდათ. ჟურნალისტების შეკითხვა ეხებოდა, თუ რატომ არ მიუღიათ ქვეყანაში თავდაცვის ახალი კანონი, რომელიც მზად ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში უნდა ყოფილიყო.

"2022 წლის იანვარში ეს კონცეფცია მზად იყო, მაგრამ 2022 წლის ზამთარში მოხდა ისეთი მოვლენები (რედ. გულისხმობს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას), რომლებმაც აჩვენეს, რომ ამ კონცეფციით წინსვლას ვერ შევძლებთ. ჩვენთ ახლა უნდა გავიგოთ, რამდენად რეალურია მისი შესრულება ჩვენი თანამშრომლობის გათვალისწინებით, თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში, უნდა გავიგოთ, რეალურად ვისთან შეგვიძლია გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვის ურთიერთობა. ადრე ეს პრობლემა მარტივი იყო, რადგან ასეთი საკითხი არ არსებობდა და არ არსებობდა კონცეფციის შექმნის სირთულე. ადრე თავდაცვის სფეროში ურთიერთობის 95-97% რუსეთის ფედერაციასთან გვიწევდა. ახლა ეს შეუძლებელია, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით". – თქვა ფაშინიანმა.

ამას გარდა, სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ახალი პარტნიორების ძებნა სჭირდებათ და პოტენციურ თანამშრომლად ინდოეთი დაასახელა.

"ახლა უნდა გავარკვიოთ, ამ კონცეფციაში როგორი ურთიერთობა გვაქვს [სხვა ქვეყნებთან], მაგალითად, ინდოეთთან". – დაამატა ფაშინიანმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე სომხეთმა თავდაცვის სფეროში საფრანგეთთან დაახლოება დაიწყო.

ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეურთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.

ОДКБ-ს ბოლო სხდომას სომხეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან. კრემლში ამბობდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წუხდნენ. ერევანში ჯერჯერობით ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას არ აპირებენ.

კომენტარები