ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Axios: ისრაელი ჰამასს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ბრძოლის ორი თვით შეჩერებას სთავაზობს

AMIR LEVY/GETTY

ისრაელმა ჰამასს ყველა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ბრძოლის ორი თვით შეჩერება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედია Axios-მა ისრაელის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ჰამასს შეთანხმების ეს პირობები მედიატორების, კატარის და ეგვიპტის დახმარებით შესთავაზა, თუმცა პირობები არ მოიცავს ომის დასრულების შესახებ არანაირ შეთანხმებას. ისრაელის წარმომადგენლები ამჟამად ჰამასის პასუხს ელოდებიან. Axios-ის ცნობით, ისრაელში ოპტიმისტურად არიან განწყობილი შეთავაზების შესახებ. 

როგორც ცნობილია, ჰამასის ტყვეობაში დღემდე კიდევ 130 ისრაელელი მძევალი იმყოფება. აშშ აქტიურადაა ჩართული მძევლების გათავისუფლების და ზავის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში. 

22 იანვარს ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა აქცია ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან გამართეს შემდეგ კი ისინი ქნესეთის შენობაში შეიჭრნენ. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა უარი თქვა ჰამასის მიერ შეთავაზებულ ტყვეების გაცვლის შეთანხმებაზე არასათანადო პირობების გამო, რატომაც ისრაელელი ტყვეების ოჯახის წევრებმა გაააქტიურეს დემონსტრაციები მთავრობაზე ზეწოლის გასაზრდელად. 

კომენტარები