კახა კალაძე

კალაძე ხაზარაძეზე: ჩემი ვიდეო მოჭრა – ერთი ადგილი არ ეყო, ის ბოლომდე დაედო

თბილისის მერი, კახა კალაძე ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ Facebook-ზე მისი ვიდეოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ხაზარაძემ ვიდეო მოჭრა და იმის "ერთი ადგილი არ ეყო", რომ ის სრულად დაედო.

"მამუკა ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. ჩემი ვიდეო განათავსა და ერთი ადგილიც არ ეყო, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა. ყველამ ხომ კარგად იცის, რომელი ვიდეოა? აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრა და მხოლოდ პირველი განათავსა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე". - თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მამუკა ხაზარაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ბინძურ საქმეებს აკეთებდა, ხალხს აუბედურებდა და მათ ბიზნესებს ართმევდა.

"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ყველა პოლიტიკოსი და პარტია რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს. იგივე, ხანდაზმული თაღლითების პარტიის ლიდერები რითი იყვნენ დაკავებული [...] შეიძლება, მამუკა ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ყოფილა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი გახლდათ და პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა. ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, ხალხს როგორ აუბედურებდით და ბიზნესებს ართმევდით. შენ [მამუკა ხაზარაძე] და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები". - თქვა კალაძემ 17 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის განცხადებას თავად მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. "ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს...დანარჩენზე სასამართლოში". - დაწერა ლელოს ლიდერმა Facebook-ზე და 2007 წლის ვიდეო გაავრცელა, სადაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში კალაძე ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფება და ამბობს, რომ მისი მხარდამჭერია.

კომენტარები