ევროპული საქართველო 2024

ჩერგოლეიშვილი: გამორჩეულად გამბედავი ამომრჩეველი გვჭირდება, ვისაც ცოტად ყოფნა არ აშინებს

დღეს, ევროპული საქართველოსთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამომრჩევლის ხასიათია.

2024 წელს ჩვენი სამიზნე გონიერი, მაგრამ ამავდროულად თავდაჯერებული ადამიანები არიან - ისინი, ვისთვისაც ღირსება, სიმართლე, გონიერება და პატიოსნება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმრავლე.

ეს ავტომატურად ამცირებს ჩვენს სამიზნე აუდიტორიას, იმიტომ, რომ ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა (არა მხოლოდ პოსტ-ტოტალიტარულ საქართველოში, არამედ ყველგან - ევოლუციურად ასეა) კონფორმისტია და გადაწყვეტილების მიღებისას "ბევრთან“, ან თუნდაც "ცოტა უფრო ბევრთან“ ყოფნის პირველყოფილი ინსტინქტი არ ტოვებს.

ცხადია, არავინ აღიარებს, რომ ნორმატიულ გავლენას "მარტოდ ყოფნის“ შიშის ინსტინქტის გამო ემორჩილება, ამიტომ მეტწილად რაციონალიზაციას ახდენს და "ხმა არ მინდა გამეფლანგოს“-ო, ამტკიცებს.

მაგრამ ჩვენს მცირე სამიზნე აუდიტორიას აქვს ერთი უდიდესი უპირატესობა - თუკი ახლა ამომრჩევლის უმრავლესობის კონფორმიზმი ხელს გვიშლის, 100 000 ჩვენნაირი ხასიათის ამომრჩევლის პოვნის შემდეგ, ამომრჩევლის კონფორმიზმი ჩვენი მოკავშირე გახდება და დომინოს ეფექტით ჩამოშლის სტატუს-კვოს.

ამიტომ, 2024 წელს, თქვენი ხასიათი დაგვანახეთ.

ისტორიული მისიის შესასრულებლად ჩვენ, ამ ეტაპზე, გამორჩეულად გამბედავი ამომრჩეველი გვჭირდება, რომელსაც ცოტად ყოფნის არ ეშინია.

ეს გამბედავი ხალხი აიყოლიებს სხვებს, ეს გამბედავი ხალხი შეცვლის სტატუს კვოს და ეს გამბედავი ხალხი დაიცავს თავისუფლებას.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები