სტალინის გამოსახულება ხატზე

ინაშვილი: სტალინის ეპიზოდის შეცვლის გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანის, ირმა ინაშვილის თქმით, მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული სტალინის ეპიზოდის შეცვლის გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო. 

"საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხატზე შეიძლება გამოსახული იყოს ნებისმიერი ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი, ნებისმიერი მწვალებელი ან ურწმუნო, გამომდინარე კონტექსტიდან! და ეს შეცდომა არ არის. ცხადია, არც სტალინის გამოსახვაა დარღვევა. მეორეს მხრივ, ნათლია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ გვეუბნება, რომ სტალინის ეპიზოდი უნდა შეიცვალოს. ვიმეორებ: ჩვენ, როგორც მრევლი, ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ... ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო და მეორე-ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ" - წერს ირმა ინაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს, 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია - "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ".  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანის, ირმა ინაშვილის თქმით, საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია და სტალინის გამოსახულება ხატზე სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეიძლება შეიცვალოს. 


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მან შესწირა ხატი სამების საკათედრო ტაძარს და "ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს". 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

9 იანვარს, Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ამაზე შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.

კომენტარები