2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ბაიდენი: ტრამპი იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში სიტყვით გამოსვლისას თავის ოპონენტს, დონალდ ტრამპს დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა და 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის გაიხსენა.

"არის თუ არა დემოკრატია კვლავ ამერიკის წმინდა საქმე, ეს არის ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. სწორედ ამაშია 2024 წლის არჩევნების არსი.

მან [დონალდ ტრამპმა] ხალხს უთხრა, რომ ჯოჯოხეთურად ებრძოლათ და ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ის ამბობდა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ის მათ გვერდით იქნებოდა. შემდეგ კი, როგორც ყოველთვის, მან ბინძური სამუშაო სხვებს დაუტოვა". - თქვა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს მოიპაროს ისტორია, როგორც მან არჩევნების მოპარვა სცადა. მისი თქმით, 2021 წლის 6 იანვარს ხალხმა იხილა არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ ძალადობრივი თავდასხმა.

"ტრამპი ცდილობს, მოიპაროს ისტორია, როგორც მან არჩევნების მოპარვა სცადა. თუმცა ჩვენ ვიცით სიმართლე, რადგან ის საკუთარი თვალით ვნახეთ. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი, ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა. ისინი იყვნენ აჯანყებულები და არა პატრიოტები. ისინი იქ არ ყოფილან კონსტიტუციის დასაცავად, არამედ იქ იყვნენ კონსტიტუციის გასანადგურებლად. ტრამპი არ გააკეთებს იმას, რაც ამერიკელმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ის უარს ამბობს პოლიტიკური ძალადობის დაგმობაზე. პოლიტიკური ძალადობა არასდროს ყოფილა მისაღები აშშ-ს პოლიტიკურ სისტემაში, არასდროს. მას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს". - თქვა ბაიდენმა.

ამავდროულად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ.

"ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, ამით იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ. ის ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა". - თქვა ბაიდენმა.

კომენტარები