ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ეგვიპტური წყარო: ჰამასის განადგურება არარეალისტურია, ომის შემდგომ ღაზაში ისინიც იქნებიან

ღაზის სექტორში ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის წევრები აღნიშნავენ თელ-ავივში მომხდარ სროლას, 2022 წლის 8 აპრილი.
The Times of Israel

ეგვიპტურმა წყარომ კატარულ გამოცემას ალ-არაბი ალ ჯადიდს უთხრა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის განადგურების გეგმა არარეალისტურია და აუცილებელია ომის შემდგომი ღაზის დისკუსიაში ჰამასის ფაქტორის გათვალისწინებაც. წყაროს თქმით, საჭიროა ისრაელმა და მსოფლიომ ღაზის სექტორის პოლიტიკურ მოწყობაზე კონსენსუსის მისაღწევად იმუშაოს.

კატარული გამოცემა ეგვიპტური წყაროს ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, როგორც ცნობილია, წყარო ჩართულია მოლაპარაკებების პროცესში, სადაც მედიატორი კაიროა. წყაროს ცნობით, აშშ-ს წარმომადგენლობა მოლაპარაკებების პროცესში ლობირებს ღაზის საკითხის გადაწყვეტის ისეთ მოდელს, სადაც ჰამასი გათვალისწინებული არაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაირო მხარს უჭერს ისეთ შეთანხმებას, სადაც ჰამასის არსებობის ფაქტორი გათვალისწინებული იქნება, თუმცა ჰამასი არ იქნება ამ ფორმატის სრულუფლებიანი მხარე. 

რამდენიმე დღის წინ კაირომ ჰამასის მეთაურობას წარუდგინა ომის დასრულების სამეტაპიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ღაზის სექტორზე კონტროლი თანდათანობით პალესტინური მთავრობის ხელში უნდა გადავიდეს. ჰამასმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი თქვა. 

კომენტარები