ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებთან ვიზიტს

კრისტინა ოზგანი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა და ე.წ. ვიცეპრემიერმა, კრისტინა ოზგანმა სპუტნიკ აბხაზიასთან საუბარში დაადასტურა, რომ გასულ დღეებში ის ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ოზგანის თქმით, ქართულ მხარესთან "სამუშაო შეხვედრა ენგურჰესის კაშხალთან" გამართეს.

"განვიხილეთ 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული". – თქვა ოზგანმა.

ოზგანის თქმით, მათმა რეჟიმმა ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციას აპირებენ.

როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამომგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ. ამავე ინფორმაციით, მან თქვა, რომ 2015 წელს რეკონსტრუქციის პროექტი განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის გამოყენება თითქმის ორჯერ უფრო მცირე იყო.

ოზგანის ვიზიტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ ოპოზიციურ ჯგუფებში. ერთ-ერთ მოძრაობაში, არუააში გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ე.წ. მინისტრის ქმედება გააკრიტიკეს. 

მათი თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, "აფხაზეთის რესპუბლიკის არც ერთი მაღალჩინოსანი საქართველოში არ ყოფილა", ხოლო ქართულ მხარესთან ენერგეტიკასა და ინციდენტების პრევენციაზე საუბარი გალის რაიონში იმართებოდა.

"როგორ გაბედეთ მოქმედმა პოლიტიკოსმა ჩასულიყავით მტრულ ქვეყანაში, ხალხისგან დამალულად და გეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენი სახელით?". – წერია განცხადებაში.

აფხაზური მედია, Нужная газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა.

მედიის ცნობით, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრი ჰესის წარმომადგენლებს საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდებას სთხოვდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ხანებში ელექტროენერგიის კრიზისია. გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს საკუთარ ელექტროობას უსასყიდლოდ არ მიაწვდიდა. ვრცლად ელექტროდეფიციტის შესახებ წაიკითხეთ აქ – ელექტროკრიზისის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ვარდნილჰესი 2-ის იჯარით გაცემაზე ფიქრობენ.

კომენტარები