მოლდოვა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ვადისთვის კენჭისყრას აპირებს და რეფერენდუმს გეგმავს

მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ კვირას, 24 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ თანამდებობაზე მეორე ვადით დასარჩენად კენჭისყრას აპირებს, რათა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელი გვაქვს და გპირდებით წინსვლის გაგრძელებას, თუ მეორე ვადითაც გამომიცხადებთ ნდობას". - დაწერა სანდუმ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, სანდუმ პარლამენტს მოუწოდა, რომ წამოიწყოს რეფერენდუმის პროცესი, რომელმაც ცხადად უნდა აჩვენოს რა გზას ირჩევს მოლდოვის მოსახლეობა.

"ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია და მკაფიოდ უნდა ვთქვათ - მთელმა ქვეყანამ - რომელ გზას ვირჩევთ მოლდოვისთვის. მოვუწოდებ პარლამენტს, წამოიწყოს პროცესი მომავალ შემოდგომაზე რეფერენდუმისთვის, რომელშიც მოქალაქეებს გადამწყვეტი ხმა ექნებათ". - აღნიშნა სანდუმ.

ევროპულმა საბჭომ მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში უნდა ჩატარდეს, ზუსტ თარიღს კი პარლამენტი განსაზღვრავს.

კომენტარები