ჩრდილოეთ კორეა

როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის მეორე ბირთვული რეაქტორი ექსპლუატაციაშია შესული – IAEA

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სათავო ოფისი, ვენა, ავსტრია, 2019 წლის 20 ივნისი
REUTERS/Leonhard Foeger/File Photo

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ 21 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის იონგბიონის ბირთვულ კომპლექსში, როგორც ჩანს, მეორე რეაქტორიც ფუნქციონირებს. ექსპერტების განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ კომუნისტურ რეჟიმს ბირთვული იარაღისთვის პლუტონიუმის დამატებითი წყარო ექნება.

ჩრდილოეთ კორეა იონგბიონის 5-მეგავატიან ბირთვულ რეაქტორს პლუტონიუმის დასამზადებლად წლების განმავლობაში იყენებდა, მაგრამ, სააგენტოს თქმით, მეორე, უფრო დიდი რეაქტორიდან თბილი წყლის გამონადენი მიუთითებს, რომ ახლა ამ მიზნით ისიც ამუშავებულია.

"თბილი წყლის გამონადენი მიუთითებს იმაზე, რომ რეაქტორმა კრიტიკულ დონეს მიაღწია... ეს შეშფოთების მიზეზია". - თქვა IAEA-ს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ. ეს ნიშნავს, რომ რეაქტორში ბირთვული ჯაჭვური რეაქცია დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფხენიანმა სააგენტოს ინსპექტორები ქვეყნიდან გააძევა, IAEA ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას სატელიტური ფოტოების დახმარებით აკვირდება. სწორედ ამიტომ, გროსის თქმით, სააგენტო ვერ დაადასტურებს რეაქტორის ოპერატიულ სტატუსს.

კომენტარები