უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია

GMC: უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონით, სულ 18 მილიონამდე გაიზარდა

ფლანგვის დეტექტორი/GMC.org.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონით გაიზარდა და ჯამში 18 მილიონამდე შეადგინა. 

"2023 წლის 11 აგვისტოს ცვლილებით ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ავტოტრანსპორტის გადაადგილების პროექტი დასახელდა. პროექტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშოები შესაბამისობაში არ მოდიოდა ქუჩის რეაბილიტაციის თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვასთან.

ამის შემდეგ,  2023 წლის 28 ნოემბერს, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სამუშაოების მოცულობა დაზუსტდა და ის საბოლოოდ ჯამში 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარი გახდა". - წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

ფლანგვის დეტექტორისვე ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 12 აპრილს გამოცხადდა, რომელშიც უკონკურენტოდ გაიმარჯვა კომპანია შპს ჯეუ გრუპმა. ხელშეკრულების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ოფიციალურად სამუშაო 4 დეკემბერს დასრულდა. სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო თბილისის მერიამ კომპანია არაერთხელ, ჯამში 32,500 ლარით დააჯარიმა.

"კომპანიის მფლობელები არიან მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები. 2017 წლის აგვისტოში, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, შპს ჯეუ გრუპის მფლობელებმა 25-25 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. წარსულში ეს კომპანია ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო. მაგალითად: 2019 წელს, როცა კომპანია კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს ჯეუ გრუპი გააკრიტიკა და თქვა რომ: “ის რაც კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზებზე ხდებოდა იყო სრული კატასტროფა". 

აგრეთვე ეს კომპანია თბილისში ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, რომელიც დაგეგმილზე 9 თვით გვიან დასრულდა, ხოლო უშუალოდ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კი არა ერთი ხარვეზი გამოვლინდა, რამაც აგრეთვე კითხვის ნიშნები გააჩინა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე". - წერს ორგანიზაცია.

კომენტარები