კანდიდატის სტატუსი

კალაძე: რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა, მაგრამ ისე არა, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას

ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები "დარბოდნენ“ ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. არ ვიცი, როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, ხალხი, რომ მსგავს რამეებს კადრულობდე. შეიძლება, არ მოგწონდეს ხელისუფლება და პოლემიკაში იყო, მაგრამ, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე, როცა პოლიტიკოსი გქვია და ბრიუსელში დადიხარ იმისთვის, რომ ხელი შეუშალო ქვეყანას, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვა, დიდი მავნებლობა და დანაშაულია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მოგვიწია ბრძოლა, ქვეყნის ინტერესების დაცვა და ასე ვაპირებთ მომავალში - მყარად, ორ ფეხზე დგომას. ვისაც სურვილი აქვს, რომ ცალ ფეხზე იდგეს, ეს მათი უფლებაა. ამაშიც არავის შევზღუდავთ, მაგრამ სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, პირველ რიგში გავატარებთ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი, მაგრამ ისე არა, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას, რაღაც მიგვითითოს, გამოიყენოს ქვეყანა საკუთარი მიზნებისთვის, ინტერესებისთვის. ყველას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები. გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ გვინდა ღირსებით, თავაწეული. არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველები ვართ - უდიდესი კულტურის, ტრადიციების ხალხი და ვამაყობთ ჩვენი წარსულით, წინაპრებით. ამ ყველაფრით ვართ ჩვენ საინტერესო ევროპისთვის. თქვენგან განსხვავებით, ამით ვამაყობ. სამარცხვინოები ხართ უბრალოდ, რომ ამას ბედავდით. ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქართველი ხალხის და იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ეს არის რეალობა და მწარე სიმართლე.

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოში, კანდიდატის სტატუსზე. 

კომენტარები